"გზების დეპარტამენტმა გზების და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრების 4 პროექტში თითქმის ₾6 მილიონი გადაიხადა, სამუშაოები შეუსრულებელი დარჩა" - კვლევა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრების 4 პროექტში თითქმის ₾6 მილიონი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები შეუსრულებელი დარჩა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, დადგინდა, რომ გზების დეპარტამენტმა 4 პროექტში 5,963,922.28 ლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანეს.
ირკვევა რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილია, 2020-2022 წლებში კერძო კომპანია შპს Georgian Bridge Construction-ს 3 სახელმწიფო ტენდერისა და 1 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ჯამში 13,718,221.71 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ პროექტების ფარგლებში კომპანიას ჯამში 5,963,922.28 ლარი გადაურიცხა. სამუშაოები ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სამუშაოები ვადებში არ შესრულდა. შედეგად, ხელშეკრულებები შეწყდა, კონტრაქტორი კომპანია კი შავ სიაში შეიყვანეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირგასამტეხლოსა და ავანსის უკან მოთხოვნის ფარგლებში კომპანიისგან 1,706,815.86₾ დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიღების აქტების შემოწმებების მიხედვით, პირველ ტენდერზე შესასრულებელი სამუშაოს 22%, მეორეზე 10%, მესამეზე კი მხოლოდ 31.65% შესრულდა. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, კომპანიამ შესასრულებელი სამუშაოს 82% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული წერილის თანახმად, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პროექტების ხელშეკრულებები 2020-2022 წლებში დაიდო, ტენდერების გამოცხადება კი უახლოეს მომავალში იგეგმება, სავარაუდოა, რომ ხიდებსა და გზებზე განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მნიშვნელოვანი პერიოდი კიდევ მიმდინარე იქნება"- წერს ორგანიზაცია.