საზოგადოების წინაშე პრემიერი უნდა იდგეს და მოქალაქეებს ეუბნებოდეს, რა გაკვეთილი გამოიტანა მთავრობამ შოვის ტრაგედიიდან - ნაცვლიშვილი

03.08.24 12:02
საზოგადოების წინაშე პრემიერი უნდა იდგეს და მოქალაქეებს ეუბნებოდეს, რა გაკვეთილი გამოიტანა მთავრობამ შოვის ტრაგედიიდან - ნაცვლიშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა - პარლამენტის წევრმა ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდა, სადაც მოცემული იქნება ყველა ის გზა, თუ პრევენციული მეთოდი, რომელიც მომავალში, ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში, ქვეყანას ტრაგედიას აარიდებს.

ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" ასეთი ანგარიშის წარდგენა არ შეუძლია, რადგან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, მიუხედავად ერთი წლის გასვლისა, მოცემულ საკითხზე მთავრობის წევრები ერთხელაც კი არ გასაუბრებიან საზოგადოებას გულწრფელად და არ უღიარებიათ საკუთარი დანაშაული.

დაუსჯელობის და დაუცველობის ერთი წელი. დღეს აქ უნდა იდგეს პრემიერ-მინისტრი და ანგარიშს აბარებდეს საზოგადოებას, რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ შოვის უმძიმესი მოვლენის შედეგად. მთავრობა უნდა გაბარებდეთ დეტალურ ანგარიშს  იმის თაობაზე, რაში დახარჯეს ეს წელი, რა ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ  დღეს საქართველო აღჭურვილი იყოს პრევენციის/გაფრთხილების, კოორდინაციის და რეაგირების გამართული სისტემით, რათა, მსგავსი მოვლენის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ქვეყანამ შეძლოს თავიდან აიცილოს მასშტაბური ადამიანური მსხვერპლი. ბუნებრივ მოვლენებს ვერ შეაჩერებ, მაგრამ რისი შემცირება ან სრულად თავიდან აცილებაც, თანამედროვე ტექნოლოგიების და სისტემების პირობებში არის შესაძლებელი, ეს არის ადამიანური  მსვერპლი.

მთელი წლის განმავლობაში არც წინა არც მოქმედ პრემიერს არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ საზოგადოებასთან გულწრფელად და საქმიანად ესაუბრა ამ თემაზე. იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ასეთი სისტემის შესაქმნეად და რას აკეთებს თავად.

იმედია, დღეს მაინც, ის კვლავ გადარჩენილების წინააღმდეგ საუბრით არ გამოიჩენს თავს.

ამ ხნის განმავლობაში, როგორც საზოგადოებას დავპირდი, მე შევეცადე, საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებით, განმეხორციელებინა ზედამხედველობა იმაზე, თუ რას აკეთებდა სახელმწიფო შოვის კატასტროფის შემდეგ. თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო ამ მოკვლევის შედეგები დღეის მდგომარეობით:

შედეგები კი ასეთია:

ნულოვანი პასუხისმგებლობა: მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არაერთი ჩავარდნა როგორც პრევენციის, ასევე რეაგირების კუთხით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, არავის უგია პასუხი, არათუ სისხლის სამართლის წესით,  დისციპლინური პასუხისმგებლობაც კი არავის დაკისრებია, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია ვინმეს.

მიუკერძოებელი და სრულყოფილი შეფასების არარსებობა: არ მომხდარა განვითარებული პროცესების და მასზე სახელმწიფოს რაგირების დროულობის და ეფექტურობის მიუკერძოებელი და სრულყოფილი შეფასება, არც საპარლამენტო ფორმატში, არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიება მიმდინარეობს არასრულყოფილად, არასათანადო კვალიფიკაციით

მას აწარმოებს იგივე უწყება, ვინც პასუხისმგებელი იყო ძებნა-შველის ოპერაციაზე

არაერთ ადამიანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი

მომავალი ტრაგედიების თავიდან აცილებაზე ორიენტირებული სათანადო ხედვის და ქმედებების არარსებობა: მსგავსი შეფასების განხორციელების გარეშე, შეუძლებელი იქნება სწორი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი მოვლენების დროს სწორი მოქმედება, რათა მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული.

ინფორმაციის დამალვა/არარსებობა

ძებნა-შველის ოპერაციის მიმდინარეობისას, მედიის არაერთ წარმოამდგენელს (კრიტიკული მედიის) შეექმნა დაბრკოლება ინფორმაციის მიღება-გავრცელებასთან დაკავშირებით

რაც შეეხება ჩემს მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებს (ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს მიერ გაგზავნილ 77 კითხვა), სისტემური ხასიათი აქვს პასუხების გაცემისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევას, პასუხის არგაცემას, პასუხის არასრულყოფილად გაცემას.რიგ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ ობიექტურ რეალობას, რაც ადგილზე ხდებოდა

არ მოიპოვება (არ არის ხელმისაწვდომი) უმნიშვნელოვანესი მასალები (როგორც გაცემული პასუხებიდან ჩანს, არ ხდებოდა მათი წარმოება/შენახვა), რომლებსაც კრიტიკული მნიშვენლობა აქვს სურათის სრულად აღსადგენად და იმის შესაფასებლად, სად იყო სახელმწიფოს მოქმედებები დროული და სწორი, და სად იყო კატასტროფული ჩავარდნა.

ანგარიშვალდებულების არარსებობა საზოგადოების მიმართ. არ არსებობს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის, ინსტიტუციური პრაქტიკის, რეგულაციების თუ სხვა მიმართულებით.

ჩემს მიერ განხორციელებული საპარლამენტო ზედამხედველობა აჩვენებს, რომ სახელწმიფომ არ ეძიებს სიმართლეს შოვთან დაკავშირებით, არ შეისწავლა და გამოიძია საქმე. პირიქით, დაკავებულია იმით, რომ დაგვარწმუნოს, რომ ამოდენა მსვერპლი არავისი პასუხისმგებლობა არ არის.

რაც შეეხება მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ნაბიჯები გადაიდგა რამდენიმე უწყების მხრიდან, ეს მოქმედებები საგამონაკლისო სახეს ატარებს.

საერთო სურათი კი ასეთია: დღეის მდგომარეობით არსებითად არაფერი შეცვლილა, კვლავ არ არსებობს, გამართული სისტემა რომელიც იმავე ან მსგავსი ბუნებრივი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაგვაზღვევს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის განმეორებისგან", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;