პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ

03.08.24 13:19
პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ

პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ - პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თბილისში შეხვედრას მართავს და ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის თხოვნით მიმართავს. 

პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრები თანამოაზრეებთან ერთად გეგმავენ, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.

ფორუმზე, რომელიც ხვალ, 4 აგვისტოს, თელავში გაიმართება, ელოდებიან მამუკა ფიფიასაც, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში საკუთარი გეგმების გასაჟღერებლად ჩამოდის. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მიხეილ ჟღენტი ირწმუნება, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და რუსეთის როლი დღითიდღე იზრდება, ამიტომ ჟღენტის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მტკიცე ურთიერთობის დამყარება პრიორიტეტულია.

მიმართვა ზუსტდება. ძირითადად ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, ურთიერთობის რეგულირება. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო იზრდება წამიერად და რუსეთის როლი იზრდება მსოფლიოში გეოპოლიტიკურად, ასევე რეგიონში, ამიტომ ჩვენი მიმართვის მთავარი აზრი იქნება, მოვახდინოთ ახალი ურთიერთობების დამყარება, ახალი ხელშეკრულება, ახალი რეალობიდან გამომდინარე. ბატონ მამუკა ფიფიას აბსოლუტური უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა ყველა იმ ქართველთან, ვინც რუსეთში მოღვაწეობს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ჩვენი ურთიერთობა სამი წლის წინ დასრულდა, როდესაც მისი ვაჟი წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის". იმის შემდეგ არანაირი კონტაქტი ჩვენ ბატონ ოთართან და მის საქმიანობასთან არ გვაქვს", - ამბობს პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი.

პარტიის პოლიტიკური მდივანი, თემურ ფიფია კი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიული პოლიტიკური ძალაა, რომლის მმართველობის პირობებშიც პრორუსულ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ კანონის ფარგლებში ოფიციალურ მოსკოვთან ითანამშრომლოს და საქართველო-რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა გაამყაროს.

ჩვენი პარტია არის დღეს ერთადერთი ძალა,  რომელსაც აქვს საშუალება იმისა, რომ რუსულ მხარესთან ისაუბროს მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ვისაუბროთ, მათ შორის, ოფიციალურ რუსეთთან. "ქართული ოცნება" არის ბევრად უფრო დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული სახელისუფლებო ძალა, საერთოდ შედარება არაა. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენც გვაქვს საშუალება, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და ვიმოქმედოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში", - ამბობს თემურ ფიფია.