რამ დაგაფრთხოთ ასე? ციხეში მჯდომ სააკაშვილს მეორედ მიუსაჯეთ პატიმრობა, რა გგონიათ, ამით ვინმეს შეაშინებთ? - ვაშაძე "ოცნებას"
"არ გიშველით სასამართლოს თქვენი კლანური გადაწყვეტილებებისთვის გამოყენება. კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატომ გეშინიათ სააკაშვილის? საქართველოსთან ერთად ისიც გათავისუფლდება, როგორც ძლიერი, ერთიანი საქართველოს იდეის პატიმარი." - ასე მიმართა "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგიდან "ქართულ ოცნებას".
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, "ოცნებას" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ეშინია, რადგან მიიჩნევენ, რომ მისი თავისუფლების პირობებში ქართული საზოგადოება გაერთიანდებოდა და მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა დასრულდებოდა.
"ქართულ ოცნებას“ მინდა მივამართო, რამ შეგაშინათ? რამ დაგაფრთხოთ ასე? ციხეში მჯდომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიუსაჯეთ პატიმრობა. რა გგონიათ, რომ ამით ვინმეს შეაშინებთ? საერთოდ საქმეს როდის უნდა მიხედოთ? რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში 12 წლის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილს რომ პასუხს სთხოვთ, ადამიანს, რამდენი აქვს გაკეთებული თელავისთვის, კახეთისთვის და საქართველოსთვის. ეს არის ხომ თქვენი პასუხი ხალხის მოთხოვნაზე, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს?
ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ეს 26 ოქტომბერს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად, ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჩავაბარებთ წარსულს. არ გიშველით სასამართლოს თქვენი კლანური გადაწყვეტილებებისთვის გამოყენება. კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატომ გეშინიათ სააკაშვილის? გეშინიათ იმიტომ, რომ ის რომ თავისუფალი იყოს ხმას ვერ ამოიღებდით, ხალხი ყველა გაერთიანდებოდა, ყველა ერთად დავდგებოდით და ძალიან მალე დამთავრდებოდა თქვენი ხელისუფლება.
მაგრამ იცოდეთ, ერთიანობას თქვენ წინ ვერ აღუდგებით, ქართული საზოგადოების დაპირისპირებას ვერ შეძლებთ და ერთად, ჩვენ ყველანი უცილებლად გავიმარჯვებთ.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და პირობას ვაძლევ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება.
ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ, საქართველოსთან ერთად ისიც გათავისუფლდება, როგორც ძლიერი, ერთიანი საქართველოს იდეის პატიმარი.
ბიძინა ნუ გეშინია, შენი დროც მოვა!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რომელიც მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევას იწყებს, ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.