შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, რომელიც იქნება მცირე თანაგრძნობა - პრემიერი

03.08.24 14:45
შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, რომელიც იქნება მცირე თანაგრძნობა - პრემიერი

პრემიერის პირველი კომენტარი შოვის ტრაგედიიდან 1 წლისთავზე - ირაკლი კობახიძე დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ "ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა".

მთავრობის მეთაურის თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით, ტრაგედიის ადგილზე ტაძარი აშენდება და ტერიტორია სრულად მოწესრიგდება.

ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.

აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა პრემიერმა.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს,  ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე  ღვარცოფი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;