შოვის ტრაგედიის დროს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა მივიღეთ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ შოვის ტრაგედიის დროს "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები.
"ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმაა იმ პროცესისთვის, რაც მიდიოდა" - ამბობს პაპუაშვილი და ირწმუნება, რომ ოპოზიციას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა "სპეკულაციებით სურს".
ჩვენ აგვისტოს დღეებში ერის ერთიანობასთან ერთად, ასევე ვხედავდით, სამწუხაროდ, ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმას იმ პროცესისთვის, რაც მიდიოდა. გახსოვთ თქვენ მაშინ რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა. 9 ყალბი ნარატივი მოვთვალეთ მაშინ, როდესაც პირველივე საათებიდან დაიწყო ზოგიერთმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ სიყალბისა და სიცრუის გავრცელება. უპირველეს ყოვლისა, იფიქრონ გარდაცვლილების სულებზე, კვლავ სპეკულაციით ფიქრობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.
რაც შეეხება "ლელოს" განცხადებას, აქ კომენტარსაც არ გავაკეთებ. ამ პარტიის მთელი სიყალბე დაინახა არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი. დამფუძნებლები სასამართლოს მიერ დადასტურებულად არის ცნობილი თაღლითებად და ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ისინი ცრუ პრეტენზიით ითხოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს იმისთვის, რომ ჯიბეში ჩაედოთ. საერთოდ რომ პოლიტიკაში რჩებიან ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არის საკვირველი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.
ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს.
გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.
29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.
შოვში დაღუპულები
- ზაზა მესხი;
- მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
- ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
- დავით ბერიაშვილი;
- სამირა ისაევა;
- გიორგი გოგინაშვილი;
- ქსენია ტრიჩევა;
- და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
- ნინო კენჭაძე;
- და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
- გენადი სულთანიშვილი;
- და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
- და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
- თემურ ჩარკვიანი;
- ნიკა ჩალაძე;
- სოფო ბაკურაძე;
- გვანცა ბუბაშვილი;
- სალომე ხეთაგური;
- დიტო ფირცხალავა;
- მარინა ხორბალაძე;
- ქეთევან ლობჟანიძე;
- მანანა ჯაჭვაძე;
- ლევან რაზმაძე;