თინა ბოკუჩავა, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-ის მიერ გამართულ "დემოკრატიის ფესტივალს" ესწრება

03.08.24 15:27
თინა ბოკუჩავა, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-ის მიერ გამართულ "დემოკრატიის ფესტივალს" ესწრება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, "დემოკრატიის ფესტივალს" ესწრება.

თინა ბოკუჩავას თქმით, ფესტივალის მიზანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეებთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ, როგორიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაა.

„დემოკრატიის ფესტივალი“ წინაზე ჩატარდა წალენჯიხაში, სადაც, ასევე, ვიმყოფებოდით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მრავალპარტიულ ფორმატში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახონ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიის გაძლიერება, შეუძლიათ თანამშრომლობა, შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოებაში და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, რომ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ.

დემოკრატიის ფესტივალზე, ასევე, მოწვეული იქნებოდა ივანიშვილის პარტია, რომელიც ყოველთვის უარს აცხადებს მრავალ პარტიულ ფორმატებში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან მათი ინტერესი არ არის დემოკრატიული განვითარება, არც მრავალპარტიული განვითარება და არა საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არამედ ერთპარტიული, ერთპიროვნული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას. მათ სურთ დეზინფორმაციით, ყალბი შიშის დათესვით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

მთელი არსი „დემოკრატიის ფესტივალის“ არის ის, რომ შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-ის მიერ არის ორგანიზებული. 

ოპოზიციური ერთობა თელავშია - "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკოსები მზად არიან, მოისმინონ ხალხის პრობლემები, გაიზიარონ მათი რჩევები და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს აუხსნან, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.