ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში - პაპუაშვილი "დემოკრატიის ფესტივალზე"
"ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კახეთში "დემოკრატიის ფესტივალის" ჩატარებას.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით "წინასაარჩევნო აგიტაციას მართავენ".
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურ კორუფციას ეხება, რადგან მისი თქმით, ღონისძიება კონკრეტული პოლიტიკური მიზნის გათვალისწინებით დაიგეგმა.
ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში. ვიცით, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია. ამავე დროს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, თავად არის პოლიტიკაში, მისი წევრები არიან პოლიტიკაში და ეს ცალკე კიდევ წარმოქმნის ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. რა თქმა უნდა, ეს ქმნის აღქმას, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა იმ გათვლით, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ", - ამბობს პაპუაშვილი.
თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.