რატომ არ უერთდება "ოცნება" დემოკრატიის ფესტივალს - რას ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები

04.08.24 14:18
რატომ არ უერთდება "ოცნება" დემოკრატიის ფესტივალს - რას ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები

დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღოსნიძიებაზე სხვა პარტიებთან ერთად "ქართული ოცნებაც" მიიწვიეს, თუმცა მმართველმა პარტიამ იქ მისვლა არ ისურვა. თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ "ოცნება" ცდილობს, აჩვენოს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი პარტიაა და სხვა დანარჩენები ქვეყნის მტრები არიან.

ამასთან, ორგანიზატორები "ოცნების" მხრიდან "დემოკრატიის ფესტივალის" გაშავების კამპანიასაც ეხმიანებიან და მას ცინიკურს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ ღონისძების მონაწილეები თავადაც იყვნენ. 

ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროექტის დასაწყისშივე, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოწვეული იყო როგორც ერთ-ერთი მონაწილე ამ ფესტივალის, მაგრამ როგორც სხვა მრავალპარტიულ ფორმატებში, „ოცნება“ არ კადრულობს გამოჩენას სხვა პარტიებთან, არის მუდმივად აგრესიულ რეჟიმში და ყველა დანარჩენს გარდა „ხალხის ძალისა“, ალბათ თვლის, რომ არის რაღაცის წარმომადგენელი, ქვეყნის მტერი და მხოლოდ თვითონ წარმოადგენს ერთადერთ და ჭეშმარიტ ძალას. ამიტომ, ეს არის, უბრალოდ, „ოცნების“ ისეთი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც უარყოფს დიალოგს, რომელიც უარყოფს კომპრომისს, რომელსაც არ უნდა შინაარსზე დისკუსია და თავად არიდებს თავს ხალხთან შეხვედრას ასეთ ფორმატში, სადაც შესაძლებელია პირდაპირი დებატები. ის ორგანიზაცია, რომელიც არის დემოკრატიული ფესტივალის ინიციატორი, აღმსავლეთ ევროპის მულტიპარტიული დემოკრატიის ცენტრი, მისი აქტივობების ერთ-ერთი ბენეფიციარი, სანამ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, იყო „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ბევრი წევრი, - ამბობს „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ბაკურ კვაშილავა. 

დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.