სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია - ბოკუჩავა
„პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი დაამარცხებს მას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების და ძალაუფლების დაკარგვის ძალიან ეშინია და აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს.
მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობა მისჯილ ადამიანს შეუფარდა დამატებით წინასწარი პატიმრობა, ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში. არ არის არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში, რომელსაც მისჯილი აქვს და დამატებით ასევე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია, ივანიშვილს ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, 26 ოქტომბრის მოახლებული არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი ერთის მხრივ დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ აუცილებლად ხმას მისცემს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა - ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ, ერთიანობით იმარჯვებს ქართველი ხალხი,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.