კახა ოქრიაშვილი: ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!
„ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში“,- ასე ეხმაურება "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი პრემიერის განკარგულებას, რომლის თანახმად, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად გადაკეთდება.
მისი თქმით, ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს.
დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ - ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში. ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება, ჩვენი მიგრანტების დამსახურებაა, რადგან მათ მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხული 3 მილიარდ დოლარზე მეტი, სხვადასხვა დროს, ჩვენი მშპ-ს 14%-იდან 17 %-მდე შეადგენს. ნორმალური მთავრობის პირობებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.
ესეც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობისა ქვეყნის და პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების კუთხით. მათ ვერ მოუძებნეს ფუნქცია საქართველოს გულში აშენებულ უმშვენიერეს შენობას და ვითარება უფრო დიდ მასშტაბში რომ დავინახოთ, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ - უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ! რატომ ?! - ერთადერთი მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო. ჩვენს ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენს ხელისუფლებას კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!“,- წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობას ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას უპირებენ. ხელი ახალ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა - განკარგულება 1 აგვისტოს გამოიცა. დიდი ალბათობით, შენობაში სამუშაოებს მალე დაიწყებენ.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია, ჯამში, 12 მილიონის დახარჯვა, რათა განადგურების პირას მყოფი შენობა გამართონ და უახლესი ტექნიკით აღჭურვონ.
განკარგულების თანახმად, ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წელს უნდა გაიხსნას. ჯერჯერობით უცნობია, რა იგულისმება ტექნოლოგიურ ჰაბში და რა ტიპის ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს ის.