ევროინტეგრაცია შეჩერებულია არჩევნებამდე, ყველა გველოდება - ზურაბიშვილი
დაუბრუნდება თუ არა საქართველო ევროპულ რელსებს? - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა ევროპულ კურს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ პოლიტიკოსები პირნათლად შეასრულებენ "ქართული ქარტიის" ამოცანას.
სალომე ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა გაჩერებული, არამედ შეჩერებულია, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ რიგში, ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებაა საჭირო, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე. ყველა გველოდება, ყველაფერია შეჩერებული და არა გაჩერებული. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება. თუკი ეს გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლიტიკოსებმა. შევიდნენ პარლამენტში, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონები, რომელიც იქნა მიღებული და ამით დაუდასტურონ ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს ნება. მე ვივლი იმ ევროპაში, რომელსაც მიკრძალავდნენ, იმისთვის, რომ დავიცვა საქართველოს ინტერესები", - ამბობს პრეზიდენტი.