პრეზიდენტი: არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ, ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურმა მთავრობამ უნდა მართოს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, პრემიერობის კანდიდატის წარდგენაზე, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არც ერთი მათგანი არ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს".
„მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ბევრისთვის, რომ არც ერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. მათი შეთანხმება, ამ პოლიტიკური პარტიების, ეს მათზე ცუდად არ ლაპარაკობს, არის მრავალფეროვნება, მაგრამ მათი შეთანხმება, რომელიმე პრემიერზე, პოლიტიკოსზე, მე მგონი, რომ ძალიან რთული იქნება თუ არა შეუძლებელი. ამიტომ მე გამოვედი სხვა გეგმით , ჩვენ ეს ყველაფერი გადავდოთ, მართლაც გადავდოთ პირადი ამბიციები, პარტიული ამბიციები, კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ქარტიის შესრულებაზე, ეს იყოს პარტიების ერთადერთი პროგრამა. მერე შეიძლება, გზადაგზა, პარლამენტში, რომ იქნებიან, ახალი ინიციატივები წარმოადგინონ, მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ მიზანს ევროკავშირში დაბრუნებისა, არ გვაქვს იმის დრო, რომ სხვა რაღაცაზე გავიფანტოთ და დავიწყოთ სხვა რამის მომზადება“, - თქვა პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ტექნიკური მთავრობის მთავარ საკითხად პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ ცხრა ნაბიჯის შესრულებას ასახელებს.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტია“ შედგენილია პირველ რიგში პარტიების მიერ.
„ვინც არ შეასრულებს, ჩემთან ექნება საქმე და რაც მთავარია, ჩემზე ბევრად მეტად, საქართველოს მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ პირობა არის დადებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.