გახარიას გუნდი: "ოცნების" პარტიულმა ზონდერ-აქტივმა ჩვენი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა

06.08.24 11:35
გახარიას გუნდი: "ოცნების" პარტიულმა ზონდერ-აქტივმა ჩვენი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 3 აგვისტოს ბათუმში "ოცნების" ორგანიზებული ჯგუფი მათ საარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ყველა იმ პირის ვინაობა გაასაჯაროა, რომლებიც აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ყველა მათგანი ოცნების" პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩდა.

გახარიას გუნდის წევრი ასევე ამტკიცებს, რომ ამ ფონზე, "ოცნება" მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას სასამართლო დარბაზიდან აძლევს. 

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო. ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. 

ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც "ოცნება" კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, "ოცნების" პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩდა:
•  ოცნების აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი - მანუჩარ რიჟვაძე;
•  მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და ოცნების კოორდიანტორები: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი (ოცნების ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია  - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი (ოცნების უბნის კოორდინატორი),  გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს ოცნების ფრაქციის სპეციალისტი (ოცნების აქტივისტი).

მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედია-საშუალებები, "ოცნება" მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით. 

მძიმე სანახავია, როგორ იყენებს "ოცნება" ნაცმოძრაობის იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს "ოცნების" წინააღმდეგ ნაცმოძრაობა იყენებდა და რასაც "ოცნება" ებრძოდა. 
არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უათანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები