საქართველოში ძალიან დიდი საქმე კეთდება სწორედ უცხო ორგანიზაციის მიერ - პრეზიდენტი
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეწყვეტილ დახმარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უცხოური ორგანიზაციები ქვეყანაში საზოგადოებისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "უცხო აგენტები ასეთ საქმეებსაც აკეთებენ".
ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომ გადმოსვენება იმ ადამიანების, რომლებიც დიდ მანძილზე არ იყვნენ დაბრუნებულები საკუთარ ოჯახებში და არ იცოდნენ, სად მისულიყვნენ, რომელ საფლავზე ელოცათ. ეს არის ძალიან დიდი საქმე და ეს ძალიან დიდი საქმე კეთდება სწორედ უცხო ორგანიზაციის მიერ, მათი მხარდაჭერით, დახმარებით, დაფინანსებით. ეს უცხო აგენტები ასეთ საქმეებსაც აკეთებენ", - ამბობს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.
ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.