ერთმნიშვნელოვნად გახლავთ მცდარი, არასწორი გადაწყვეტილება - სარჯველაძე აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტაზე

06.08.24 14:03
ერთმნიშვნელოვნად გახლავთ მცდარი, არასწორი გადაწყვეტილება - სარჯველაძე აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტაზე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არ იცის, თუ რა გახდა რეალური მოტივი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ ლარიანი დახმარების შეჩერებისა.

ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებას "მცდარსა და არასწორს" უწოდებს და ირწმუნება, რომ როგორც "არც იმ (რუსულ) კანონს გააჩნდა დემოკრატიულობის და სამართლიანობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა, ანალოგიურად ახლა ასეთი კავშირიც არ არსებობს ამ მიღებულ გადაწყვეტილებასა და საკანონმდებლო აქტს შორის".

ბუნებრივია, არ შევალ დეტალების ძიებაში, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რეალური მოტივაცია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიმაჩნია, რომ როგორც არ უნდა იყოს მოტივაცია, ეს ერთმნიშვნელოვნად გახლავთ მცდარი, არასწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ როგორც არც იმ კანონს გააჩნდა დემოკრატიულობის და სამართლიანობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა, ანალოგიურად ახლა ასეთი კავშირიც არ არსებობს ამ მიღებულ გადაწყვეტილებასა და საკანონმდებლო აქტს შორის", - ამბობს სარჯველაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. 

ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

მსგავსი სიახლეები