"ორივე მუხლი, რაც წამიყენეს, აბსოლუტური აბსურდია" - ვიტალი გეგუჩიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება
ზუგდიდი რაიონულ სასამართლოში ვიტალი გეგუჩიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. უკვე ცნობილია, რომ პროცესზე პროკურატურა გეგუჩიასთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა მისი თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს. სწორედ ამიტომ, ინტერესების დამცველი მოითხოვს, ვიტალი გეგუჩია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ.
თავად გეგუჩია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების კრიტიკის და რუსული კანონის გაპროტესტების გამო ისჯება.
პროკურატურა არის შესული გირაოს სახით, თუ არ ვცდები, 5 ათას ლარიანი შუამდგომლობით. ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე რომ დამტოვონ. ორივე მუხლი, რომელიც წაყენებული მაქვს, არის აბსოლუტურად აბსურდი, არანაირი მსგავსი ქმედება მე არ ჩამიდენია და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების საჭიროებაც არ არის. მე მარტო იმ ერთ ადამიანს არ ვესაუბრებოდი არც იმ დღეს და არც არასდროს. მე ვესაუბრები კოლექტიურ ვიქტორ ჯაფარიძეებს, კოლექტიურ 82 რუსს, რომლებმაც გაყიდეს ჩემი ქვეყანა და ცდილობენ, რომ რუსეთს ჩააბარონ ჩემი შვილების მომავალი. ამის გამო ვისჯები, რა თქმა უნდა, - ამბობს ვიტალი გეგუჩია.
შეგახსენებთ, რომ გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.
რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.
"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.
„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.
კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით, ოპერატორმა და გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.
მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.