"ასე არ მუშაობს მეგობრობა" - დახმარების შეჩერება "ოცნებაში" ზეწოლად აღიქვეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრატეგიულ პარტნიორების წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდის წევრი შტატების მიერ 95 მილიონ ლარიანი დახმარების გაყინვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "სამწუხაროს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც პარტნიორებს "ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები არ მოეწონათ, უანგაროდ გვერდში დგომის ნაცვლად, ზეწოლის მექანიზმი აამოქმედეს".
ამასთან, "ქართული ოცნების" წევრი შტატებს გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ერთი კვირის განმავლობაში დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით ვერანაირი სახის ინფორმაცია ვერ მიიღო, როგორც ამერიკის საელჩოსგან, ასევე სხვა ინსტიტუტებისგან.
ძალიან სამწუხაროა, ჩვენ რასაც ვხედავთ, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ეს აჩვენებს, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება არის ზეწოლის ინსტრუმენტი. ის, რაც ჩვენ უანგაროდ გვეგონა გვერდში დგომა, აღმოჩნდა, რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი და იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ საქართველოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს როგორც ზეწოლის მექანიზმი. ასე არ მუშაობს მეგობრობა და დახმარება. ეს საუბარი თუნდაც, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც 8 მილიარდ ლარამდე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 2 მილიონზე გვაქვს საუბარი. თან ამის ყოველ მეორე დღეს ახალ-ახალი ინფორმაციის წამოწევა იმისთვის, რომ დამატებითი მღელვარება იყოს საზოგადოებაში, არ არის სწორი მიდგომა. წარმოგიდგენიათ, 95 მილიონზე არის საუბარი, ასეთ მაღალ დონეზე გაკეთდა განცხადება და მთელი საქართველო მარჩიელობს ერთი კვირაა და არ ვიცით, რაზეა საუბარი. რამდენადაც ვნახე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ეს თუ არ არის გაუმჭვირვალობა, მაშინ რაღა არის გაუმჭვირვალობა", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.
ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.
ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.
ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.
შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.