ენჯეოების პასუხი პაპუაშვილს: ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით
მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “შალვა პაპუაშვილის ერთადერთი მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“.
ენჯეო სექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აცხადებენ, რომ “რუსული კანონის წესებით არ იცხოვრებენ“.
შალვა პაპუაშვილი დაკავებულია ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და მისი ერთადერთი მიზანია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არავის დამატებით რჩევა-მითითება არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ღირებულების საკითხია“,- აცხადებს გურამ იმნაძე.
ისინი მოუწოდებენ პაპუაშვილს, “გააუქმონ რუსული კანონი და შესაბამისად, პრობლემა მოიხსნება“.
600 -ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასწარ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით გვეცხოვრა რუსული კანონის წესებით და არ დავემორჩილებოდით ამ კანონს. უცნაურია, რომ სადღაც სხვაგან ეძებს ბატონი შალვა ამ პრობლემას და არა თავად კანონში, გააუქმონ რუსული კანონი და შესაბამისად, პრობლემა მოიხსნება“,- განაცხადა თამთა კახიძემ.
ანტიდემოკრატიული კანონი საქართველოში ოფიციალურად გუშინ ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამის მიზეზად საერთაშორისო დონორების მხრიდან არასამთავრობოებზე ზეწოლას ასახელებს და აცხადებს, რომ მათ აგენტების რეესტრში დარეგისტრირების შემთხვევაში, დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრებიან.