ჩვენი გმირების, ამერიკელების და ევროპელების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო - თამარ კორძაია
დღევანდელი დღე და ამ გმირი ადამიანების საფლავზე მოსვლა მათი ხსოვნის პატივსაცემად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ მუათგვერდის სასაფლაოზე მისვლისას განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, ქართველ გმირებთან ერთად ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში წვლილი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებსაც მიუძღვით.
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ გმირი ადამიანების სიცოცხლის ფასად შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს დასავლეთის წევრი. სწორედ ამ ადამიანების და მათი გმირობის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ და რომ დღეს რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული. ის 20% რაც აქვს მიტაცებული, აქვს იმიტომ, რომ ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს, მათი გმირობის დამსახურებაა სწორედ ეს და დასავლეთის, რომლებიც ჩვენი გმირი ბიჭების ბრძოლის პარალელურად ჩამოდიოდნენ თბილისში. ასევე, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში საქართველოს დასაცავად, ამიტომ ჩვენი გმირების, ამერიკელების და ევროპელების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.