ესტონეთი არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას - ცაჰკნა
ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.
„16 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო და მისი შედეგები დღემდე იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.