რუსეთის იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება - სვეტლანა ტიხანოვსკაია
ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება.
ამ დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო. თუ იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ბელარუსება და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებებს, - წერს ტიხანოვსკაია.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.