რუმინეთის საგარეო: ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგული
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითი იყო“.
16 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეჭრა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითი იყო. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერის ერთგული“,- წერია განცხადებაში.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.