ქვეყანას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბედით დაიწყებს თამაშს - ღუდუშაური თავს ისევ წინა ხელისუფლებას ესხმის
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისევ წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს უპასიხისმგებლოდ მოექცევა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ასევე სალომე ზურაბიშილს "ფორმალურ" პრეზიდენტად მოიხსენიებს და მოუწოდებს, კარგად გაეცნოს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ქვეყანას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, ვინც უპასუხისმგებლობით მოექცევა საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ბედით დაიწყებს თამაშს. და დღეს, 16 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარი სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, რომ აგრესიული ომი, ბუნებრივია, ნაწარმოები აქვს რუსეთს, ოკუპანტს, რომელიც საერთაშორისო სამართლითაც უკვე სასამართლო გადაწყვეტილებებით არის ეს დადასტურებული, და დღეს თქვენი მეშვეობით მინდა გთხოვოთ და თქვენი მეშვეობით მივაწვდინო ხმა ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ სანამ გეოგრაფიის და ისტორიის სწავლას დაგვმოძღვრავს, კარგად გაეცნოს საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ ვინ და როგორ მოქმედებდა 16 წლის უკან, - ამბობს ღუდუშაური.
რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას "საჯარო
გასამართლებით" ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო".
"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება",- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზრებულად მოაწყო „უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულა“.