ვინც ოდნავ ბრალეულობას კი აკისრებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ებრძის - ჭიაბერაშვილი აგვისტოს ომზე
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მხოლოდ საპასუხო რეაქცია იყო.
ამასთან, ოპოზიციის წევრი ხაზს უსვამს, რომ ყველა, ვინც აგვისტოს ომის წამოწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე იყო საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება საპასუხო 2008 წლის 8 აგვისტოს იყო მხოლოდ რეაქცია საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შემოჭრაზე და ჩვენ, აი ამ შემოჭრას გავუძელით ერთიანობით, ქვეყნის ერთიანობით და იმით, რომ სწორედ ჩვენი დასვლელი პარტნიორები მყარად იდგნენ საქართველოს გვერდით. ამიტომ, ამ თარიღს 7 აგვისტოს, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ რეაქცია ამაზე და ამიტომ, მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ამიტომ იმისათვის, რომ სამართლებრივადაც მათ შორის, არამხოლოდ პოლიტიკურად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჰქონდეს მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. ვინც კი ოდნავ ბრალეულობასაც კი აკისრებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ამით ის ადანაშაულებს საქართველოს და ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“. - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას "საჯარო
გასამართლებით" ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო".
"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება",- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზრებულად მოაწყო „უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულა“.