უკრაინის საგარეო: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება

07.08.24 16:27
უკრაინის საგარეო: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას“.

უწყება მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება.

“7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. 

რუსულმა ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს, პერსპექტივა არ არის და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.

საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ე.წ. "ბორდერიზაცია", ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.

უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. 

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება.

რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილს. 

რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები