პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა.
სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ოფიციალური პირია, ვინც სოფელ ერგნეთში დღეს იმყოფებოდა. "ქართული ოცნება" 7 აგვისტოს ამ დრომდე არცერთ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
მეხუთე პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.