რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა - კარლ ბილდიტი
საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს "ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა".
16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ფონი ოდნავ ბუნდოვანი იყო, აშკარა პროვოკაციებით კონფლიქტის შესაქმნელად, მაგრამ რუსეთი სწრაფად გადავიდა საქართველოში ორ სხვადასხვა ღერძზე. შემდეგ კი რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა,- წერს კარლ ბილდტი.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.