მოლდოვის საგარეო: ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
"ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას" - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.
უწყება რუსების მიერ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს.
"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - წერია განცხადებაში.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.