პრეზიდენტი ერგნეთში: სად არის შერიგების მინისტრი, როდის მიმართა ბოლოს წულუკიანმა იუნესკოს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კულტურის და შერიგების მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან არაფერი კეთდება, რათა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოლაპარაკებების და შეთანხმების გზით მოხდეს.
პრეზიდენტი ინტერესდება, ბოლოს როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ქართული ეკლესიები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში და ოსეთში მდებარეობს.
ამასთან, ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ერგნეთის აღდგენა, სწორედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა, რომლებსაც ხელისუფლება "უცხოურ აგენტებს" ეძახის.
ყოველდღიურად, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს და არა იმაზე, რომ ომით და ძალით დავიბრუნოთ ტერიტორიები, ამ ტერიტორიების დაბრუნება, გაერთიანება მოსახლეობის, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ.
მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენი კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, ქართული ენისთვის. რა კეთდება იმისთვის, რომ ტრანსპორტი დაინიშნოს, ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მითხოვს ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი.
არ შეიძლება, რომ არ გაგახსენოთ ისიც, ეს სოფელი, მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა.
სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ოფიციალური პირია, ვინც სოფელ ერგნეთში დღეს იმყოფებოდა. "ქართული ოცნება" ამ დრომდე არცერთ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
მეხუთე პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.