პრეზიდენტი: აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს
"ოკუპაცია არ დაგვვიწყებია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, "აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს"
აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი რუსეთის ბოლო შემოჭრიდან, ოკუპაცია არ დაგვვიწყებია! ჩვენ არასოდეს შევეგუებით და მივიღებთ მას!
საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუპირისპირდება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას“, - წერს ზურაბიშვილი.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.