განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჰელსინკის კომისია

07.08.24 21:07
განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჰელსინკის კომისია

"ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში",  - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია აგვისტოს ომიდან 16 წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

''რუსეთი საქართველოში 16 წლის წინ შეიჭრა და ისევ აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად. #არაოკუპაციას '' - წერია განცხადებაში.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და  26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება.  ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

მსგავსი სიახლეები