2008-ში "ოცნებისნაირი" პატრიოტული მთავრობა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა - პაპუაშვილი
16 წელი აგვისტოს ომიდან და არც ერთი სიტყვა ოკუპაციაზე - რუსული კანონის მიმღები დეპუტატები ომის დაწყებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით ომის დანაშაულები ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა.
ივანიშვილის გუნდის წევრი კვლავ ამტკიცებს, რომ 2008 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ომი არ მოხდებოდა.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ნაციონალური მოძრაობა ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს. ვხედავთ ჩვენ, რომ მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვაღორღი იყო ის სოფელი, რომელიც კონტროლით საქართველომ მაშინ დაკარგა. გუშინ, რომ ამოვიდნენ ჭირისუფლები, რომ არ ნახეს, არე დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?. დღეს, რომ ჭირისუფლები აქ არიან და ისინი აქ არ არიან ამოსულები არ ფიქრობენ ამაზე. ეს არის ზუსტად, თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს ის, რომ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ამ ომ გამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ‘’ქართულმა ოცნებამ’’ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი. ზუსტად ეს უნდა იქნას, გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში, როგორც 2022- ში არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე 2008 წლის აგვისტოში არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა დაღუპული ჯარისკაცების, სამოქალაქო პირები, არ იქნებოდა უამრავი დაჭრილი", - ამბობს პაპუაშვილი.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.