რუსული აგრესიიდან 16 წლის თავზე თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლებამ "ვერ შეძლო, თავი აერიდებინა ომისთვის"
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის ომის თავიდან არიდება ვერ შეძლო.
ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, დღეს საქართველო "ომის ქარცეცხლში" იქნებოდა.
ირაკლი ჩიქოვანი თავს არიდებს კითხავს, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და აცხადებს, რომ "ომი ათწლეულების წინ" დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი - ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის.
ომი დაიწყო ათწლეულების წინ. დღეს, რეალურად, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, რომელთანაც ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი და საგანია როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისთვის". - განაცხადა ჩიქოვანმა.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.