"ვერ აირიდა ომი, პროვოკაციებზე წამოეგო" - ღარიბაშვილმა აგვისტოს ომში კვლავ ენმ-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისული ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ხაზს აგრძელებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ღალატსა და უგუნურობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს "ხელისუფლებამ 2008 წლის ომი თავიდან ვერ აირიდა".
საქართველოს ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლებამ ოკუპანტებს ქვეყანა უბრძოლველად ჩააბარა და ომიც პროვოკაციებზე წამოგებით დაიწყო.
უბრძოლველად და ომის შედეგად რაც მთავარია დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე - სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო. როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურობით, ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ ოკუპანტ ქვეყანას, ეს, რა თქმა უნდა, არის ღალატი. საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. რუსი ჯარისკაცი 2007 წელს აღარ იყო. კითხვა დასვით მეგობრებო, როგორ მოახერხა ამ გამყიდველმა ხელისუფლება, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა დიდი ძალით. როცა შენ ხარ ხელისუფლება და გაქვს ძალა იმისა, რომ რისკები გატოვო, შენს ხალხს აარიდო ომი, თუ ნებისმიერი კონფლიქტი, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. 5 დღეში უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა", - ამბობს ღარიბაშვილი.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.