მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა - ბოკუჩავა

08.08.24 13:46
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა - ბოკუჩავა

"მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნება" სწორედ მაშინ იმეორებს პუტინის რუსეთის ნარატივს, როდესაც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.  

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იმეორებს კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ ჩვენი ერთიანობით ცვლილებებს და ჩვენს ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის ამ მავნებლურ გზავნილებს.

მე პირადად პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ  26 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს ქვეყანა და ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კრემლის გზავნილებს კი არ გაიმეორებს, არამედ აღადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რასაც მე ვიღებ თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.