სახალხო დამცველი "ოცნებას" მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად ზეწოლა გააძლიეროს

08.08.24 14:22
სახალხო დამცველი "ოცნებას" მოუწოდებს,  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად ზეწოლა გააძლიეროს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.

ომბუდსმენი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ ომის დამთავრების მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ომის დამანგრეველ შედეგებს დღემდე განიცდიან. 

ამასთან, ლევან იოსელიანი რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ქართველი მოქალაქეების შესახებაც საუბრობს და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და თამაზ გინტურის მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დრომდე დაუსჯელია 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ, მუდმივი საცხოვრებელი დატოვონ და შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანონ.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, რაც ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, აღნიშნული უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის პროცესად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში