"ოცნება" და აგვისტოს ომი - ივანიშვილის გუნდი დაანონსებული შურისძიებისთვის მზადებას იწყებს?
სირცხვილი ქვეყნისთვის და საუკუნის პროცესი რუსეთისთვის - ის, რასაც მოსკოვი 16 წელია, ვერ ამტკიცებს, "ქართული ოცნება" გეგმავს, დაუდასტუროს - რომ ომი საქართველომ დაიწყო. საჯარო სასამართლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ხელისუფლება უკვე სამართლებრივ მექანიზმებზე მუშაობს. პროკურატურა ან საკონსტიტუციო სასამართლო - პრემიერი უკვე იმ გზებს აანონსებს, რითაც "ოცნება" წინა ხელისუფლების გასამართლებას აპირებს.
აგვისტოს ომის გამოძიება "ქართული ოცნების" მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება - დაიწყო ივანიშვილმა და აიტაცა მთელმა გუნდმა. დღეს მმართველი გუნდის პირველი პირები არ მორიდებიან არც შვილმკვდარ დედებს, რომლებიც მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირებს იხსენებდნენ. მათ თანდასწრებით "ოცნების" ლიდერები პირობას დებდნენ, რომ ომი გამოძიებული იქნება და ერთი მეორეს მიყოლებით ბრალს წინა ხელისუფლებას უყენებდნენ.