ის, რაც განახორციელა "ოცნებამ" არის, ქართული სახელმწიფოს რისკის ქვეშ დაყენება - გეგელია
"ის, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ" არის, ქართული სახელმწიფოს რისკის ქვეშ დაყენება" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტი დადასტურებაა იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებით შეწუხებულები არიან.
უკლებლივ ყველა სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვქონდა და რომ ქართული სახელმწიფოებრიობა დადგა რისკის ქვეშ. ის, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ" არის, ქარტული სახელმწიფოს რისკის ქვეშ დაყენება. დღეს არა ერთი ან ორი კურსი დგას რისკის ქვეშ, სრულიად სახელმწიფო დგას რისკის ქვეშ, რადგან გადახედვის ქვეშ არის ყველა ფუნდამენტური მიმათულება, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რადგანაც, ამ ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ ის არის "ჰამასის", ჰეზბოლას და კრემლის მეგობარი, მაგრამ არა ბრიუსელის და აშშ-ის პარტნიორი", - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან - ამერიკელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს დღეს, 9 აგვისტოს, 5 საათზე, ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან. ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებით ჩამოვლენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.