ქადაგიშვილი პარტნიორებზე: დახურულ კარს მიღმა მთელი ზეწოლა იყო საქართველოზე
ივანიშვილის გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს თავს ესხმის - რუსული კანონის მიმღები დეპუტატი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ზეწოლის მოხდენაში ადანაშაულებს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრებითა, თუ ქვეყანაში გამართული დემონსტრაციებით, დასავლეთი და ევროპა მმართველ პარტიაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, რაც ქადაგიშვილის რწმუნებით, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვით გამოიხატა.
არავინ არ გამოვა და ტელევიზორში არც ერთი პრეზიდენტი არ გეტყვის, რომ ახლა ტანკში ჩაჯექი და შეუტიე, რუსეთს ომი გამოუცხადეო. ამას არავინ არ გეტყვის, მაგრამ მთელი პოლიტიკა იყო, მთელი ზეწოლა იყო საქართველოზე დახურულ კარს მიღმა, თუ აქ მოწყობილი მიტინგებით. ეს ხომ რეალობა იყო. ჩვენ ამას გავუძელით და ამის გამო მოხდა საქართველოზე ეს ზეწოლა, კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ყველა რეფორმით პირველ ადგილზეა, არა მარტო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ამას ასე მარტივად არ გიტარებენ", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან - ამერიკელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს დღეს, 9 აგვისტოს, 5 საათზე, ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან. ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებით ჩამოვლენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.