აშშ-ს პრეზიდენტის წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ოცნება" სრულ იზოლაციაშია - გრიგოლ გეგელია
აშშ-ს პრეზიდენტის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ "ოცნება" ქართველი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, ჯო ბაიდენის წერილმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
გეგელია პირდაპირ ამბობს, რომ მანამ, სანამ "ქართული ოცნება" ქვეყნის საგარეო პოლიტიკას კლავს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ კრემლის მსგავს კითხვებს სვამს, ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო „ბრუტალური რუსული შემოჭრის“ მსხვერპლი გახდა.
ოპოზიციის წევრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მოახლოებულ არჩევნებზე დაასრულოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში.
მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჰამასთან და ჰეზბოლასთან ერთად ზეიმებზე და პანაშვიდებზე დადის და პარალელურად, უარს აცხადებს ვაშინგტონსა და ბრიუსელთან პარტნიორობაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა უდიდესი რისკის წინაშე დგას.
მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ სვამს კითხვებს, რომელსაც მხოლოდ კრემლი სვამს და საკუთარ სახელმწიფოს უყენებს ბრალს, რომელსაც მხოლოდ კრემლი გვიყენებს, ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო გახდა „ბრუტალური რუსული შემოჭრის“ მსხვერპლი, რომლის შედეგად დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი.
მანამ, სანამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურად კლავს ქართულ საგარეო პოლიტიკას და საქართველოს რუსულ-ირანულ-ჩინური ავტოკრატიული ბლოკის წევრად აქცევს, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ რუსული სტილის კანონის მიღებით ამ ხელისუფლებამ ძირი გამოუთხარა სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ევროპულ ევრო-ატლანტიკურ გზას, ეს არის საბოლოო დასტური, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს აღარ გააჩნია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების არავითარი პერსპექტივა, რაც მილიონობით ქართველს აშორებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივისგან.
პრეზიდენტ ბაიდენის წერილი კიდევ ერთხელ გვაგონებს, რას ნიშნავს ცხოვრობდე კაპიტულანტი რეჟიმის პირობებში, როდესაც შენი ხელისუფლება შენივე სახელმწიფოს ინტერესების ძირის გამოთხრას ემსახურება, ხოლო პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები შენი ეროვნული ინტერესის მხარეს არიან.
სწორედ ამიტომ, თითოეული ქართველის სამოქალაქო და პატრიოტული ვალდებულებაა, 26 ოქტომბერს დაასრულოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ძლიერი საქართველო დგას ქართველი ხალხის, ძლიერი, ევროპული და ეროვნული საქართველოს სამსახურში, - ამბობს გეგელია.