ნინო დოლიძე: აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო

10.08.24 13:21
ნინო დოლიძე: აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო

გადამწყვეტი არჩევნები იყო საუბრის მთავარი თემა არასამტავრობო სექტორსა და ამერიკული დელეგაციის წევრების შეხვედრაზე - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"ორპარტიული მხარდაჭერაა და გაესვა კიდეც შეხვედრაზე ხაზი, რომ აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო",- თქვა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებზე „რუსული კანონის“ გავლენის შესახებ გაკეთდა აქცენტები.

 მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენც ვისაუბრეთ უკვე არსებულ გარემოზე. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რუსული კანონი მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ. 

 დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამ წუთებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან. 

ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.