კალაძე "დემოკრატიის ფესტივალზე": საგარეომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ფესტივალი ფინანსდება
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ „დემოკრატიის ფესტივალი“ "წინასაარჩევნო კამპანიაა". როგორც კახი კალაძემ მედიას უთხრა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ფესტივალი ფინანსდება.
კალაძის მტკიცებით, "დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს".
„დემოკრატიის ფესტივალი“ შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად. უბრალოდ, სახელი დაარქვეს. რეალურად, წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელიც, თუ არ ვცდები, დანიის მთავრობიდან ფინანსდება. სამწუხაროა ეს ყველაფერი. დღეს ქვეყანაში არავითარი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. პირდაპირ, ღიად, უცხოეთიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია. ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც თანხების შემოსვლა, დაფინანსება ხდება, გაძევებული იქნებოდა, შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა. პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.