"ოცნების" ხელისუფლება საკუთარ სახელმწიფოს ასამართლებს - გრიგოლ გეგელია

10.08.24 14:18
"ოცნების" ხელისუფლება საკუთარ სახელმწიფოს ასამართლებს - გრიგოლ გეგელია

დადგა დრო, ქართული ხელისუფლება ასამართლებს საკუთარ სახელმწიფოს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ აგვისტოს ომის გამოძიების დაანონსებას და რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი "ყველაფერ ქართულს თავს ესხმის". 

დადგა დღე და დრო, როდესაც ქართული ხელისუფლება სასამართლებს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ისტორიას, საკუთარ ეროვნულ ინტერესს და თავს ესხმის ყველაფერ ქართულს. ეს არის საუკეთესო გამოხატულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის სამსხურში მყოფი ხელისუფლებაა, რომელიც ოფიციალურად და ღიად თავს ესხმის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსულმა ვერსიამ, რუსულმა კითხვებმა, რუსულმა სარჩელმა და ბრალმა და რუსეთის გეოპოლიტიკურმა ინტერესმა"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოში შეჭრის 16 წლის თავზე Z-პროპაგანდა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ციტირებს და ამბობს, რომ თბილისმა ჭკუა ისწავლა. 

„მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 8 აგვისტოს.

მისი სიტყვები მაშინვე აიტაცა ტელეწამყვანმა და პროპაგანდისტმა რუსლან ოსტაშკომ.

„საქართველოს პრემიერმა დადო პირობა, გამოიძიოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა“, - დაწერა მან ტელეგრამზე.