"ივანიშვილი, კობახიძე, მთელი "ოცნება" კრემლის სულიერი და იდეური მოკავშირეა" - ოპოზიცია ომის გამოძიებაზე

10.08.24 15:34
"ივანიშვილი, კობახიძე, მთელი "ოცნება" კრემლის სულიერი და იდეური მოკავშირეა" - ოპოზიცია ომის გამოძიებაზე

რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს,  კრემლის ინტერესებთან თანხვედრაშია - ასე ეხმიანება ოპოზიცია "ქართული ოცნების" ლიდერის მიერ აგვისტოს ომის გამოძიების დაანონსებას და რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს აფასებს. 

"ერთიანობის" ერთ-ერთი წევრი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ "მთელი ქართული ოცნება კრემლის სულიერი და იდეური მოკავშირეა"

კობახიძე, ივანიშვილი, მთელი ქართული ოცნება სულიერი და იდეური მოკავშირეა კრემლის.  აქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს და ამბობს კობახიძე საქართველოს და ქართველი ადამიანის ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში. სამაგიეროდ, რასაც აკეთებს და ამბობს კობახიძე, თანხვედრაშია რუსეთის, კრემლის ინტერესებში"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

"ერთიანობის" კიდევ ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ  "ოცნებისგან" განსხვებით, მთელმა საქართველომ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იცის, ვინ არის ოკუპანტი: 

2008 წლის ომთან დაკავშირებით, გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო, პასუხი გასცა ჰააგის და სტრასზურგის სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებებით, ასე რომ ეს საკითხი სადაო არ არის. უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ რუსები და ქართული ოცნება თვლის, რომ ამ საკითხს უნდა მიუბრუნდნენ, თუმცა მთელმა საქართველომ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იცის, ვინ არის ოკუპანტი"- დასძინა მან. 

საქართველოში შეჭრის 16 წლის თავზე Z-პროპაგანდა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ციტირებს და ამბობს, რომ თბილისმა ჭკუა ისწავლა. 

„მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 8 აგვისტოს.

მისი სიტყვები მაშინვე აიტაცა ტელეწამყვანმა და პროპაგანდისტმა რუსლან ოსტაშკომ.

„საქართველოს პრემიერმა დადო პირობა, გამოიძიოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა“, - დაწერა მან ტელეგრამზე.