წუთების ათვლა დაწყებულია - 19:00 საათზე ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ ოპოზიციას შეხვდებიან
2 საათი მნიშვნელოვან შეხვედრამდე - სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი 19:00 საათზე, დახურულ კარს მიღმა, ქართველ ოპოზიციას შეხვდება.
ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს აქვთ მოლოდინი, რომ ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან დისკუსია ნაყოფიერად ჩაივლის.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "პირველებთან" აცხადებენ, შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას განიხილავენ.
"ქართული ოცნება" დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობებს ვეღარ აღადგენს. ის სრულად გაკოტრებული და განულებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების თვალში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს არანაირი იმედი არ აქვთ "ქართული ოცნების" გამოსწორებისა, ისინი არ აპირებენ მიატოვონ ქართველი ხალხი ამ ისტორიულ ბრძოლაში. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ დასტურია, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დგანან ქართველი ხალხის გვერდით", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.