"ოცნებამ" ამერიკა, ფაქტობრივად, N1 მტრად გამოაცხადა - ვაშაძე
რა გზავნილები ექნება ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისას - "ერთიანობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "დღის ამბების" ეთერში მთავარ საკითხებს აჟღერებს და აცხადებს, რომ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, დისკუსიის დროს საუბარი ქართველი ხალხის გაერთიანებასა და სრულ მობილიზაციასაც შეეხება.
გიორგი ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ერის კონსოლიდაციისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და გადამწყვეტ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა იქნება საჭირო.
ქართველ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა იმ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს რეჟიმთან მიმართებით, რომელმაც, ფაქტობრივად, ევროკავშირთან და შტატებთან ურთიერთობა გააჩერა, ამერიკა ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა, ფაქტობრივად. ვხედავთ დაფინანსებების შეჩერებას საქართველოსთან მიმართებით, რაც რუსული კანონის მიღების შედეგია. ჩვენ გვექნება საუბარი იმ სამუშაო პროცესზე, რასაც ვახორციელებთ. ღიად ვამბობ, რომ ძალა ერთობაშია და ერთიანობა დაიხსნის საქართველოს. ჩვენი გზავნილი იქნება, რომ ხალხი მობილიზებულია, ერთიანია იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა გვჭირდება", - ამბობს ვაშაძე.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი 19:00 საათზე, დახურულ კარს მიღმა, ქართველ ოპოზიციას შეხვდება.
ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს აქვთ მოლოდინი, რომ ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან დისკუსია ნაყოფიერად ჩაივლის.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.