დისკუსია დაწყებულია - ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ნინო წილოსანი და მაკა ბოჭორიშვილიც იმყოფებიან

10.08.24 20:03
დისკუსია დაწყებულია - ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ნინო წილოსანი და მაკა ბოჭორიშვილიც იმყოფებიან

ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასა და ქართველ ოპოზიციასთან აუდიენციაზე "ქართული ოცნების" წევრებიც მიიწვიეს - ივანიშვილის გუნდის წევრი, ნინო წილოსანი დისკუსიის დაწყებამდე მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრაზე "მოწვევა წამიერად განხორციელდა".

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი კმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკელ პოლიტიკოსებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, თუმცა ირწმუნება, რომ "ასეთ წვეულებებზე საკითხების სიღრმისეულად განხილვის მცირედი შანსია".

ამასთან, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბარი სხვადასხვა ფორმატში არაერთხელ ჰქონიათ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლების მოწვევა განხორციელდა წამიერად, როდესაც ეს შეხვედრა დაიგეგმა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვექნება მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ასეთ წვეულებებზე არის მცირედი შანსი, რომ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. თუმცა კარგია, რომ თავდაცვის მინისტრთან და პრემიერთან ჰქონდათ შეხვედრები და მათ ჰქონდათ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად საკითხების განხილვა. ჩვენი მხრიდან ასევე დეტალურად იქნა გადაცემული ის სტრატეგიულ პარტნიორთან დაკავშირებული საკითხები...

სამწუხაროდ, ამ ცრუ ნარატივებთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ სხვადასხვა ფორმატში გვაქვს მათთან ნასაუბრები და ის ფაქტი, რომ ომის პარტია იქნება თუ ა.შ., არ მიემართება არცერთ ქვეყანას და მის ოფიციალურ წარმომადგენლობას, ეს არაერთხელ არის ახსნილი და ზოგადად, ეს ტერმინი მოიცავს მთლიანად იმ ძალებს, რომელსაც მსოფლიოში საომარ თუ კონფლიქტურ სიტუაციებს აინიცირებენ და უწყობენ ხელს. ომის პარტია იქნება, თუ ომთან დაკავშირებული ჩვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია", - ამბობს წილოსანი. 

ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს - ამერიკელ სენატორთან და კონგრესმენთან სასაუბროდ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მივიდა. ტელეკამერებმა პოლიტიკურად აქტიური და პოლიტიკურ კულისებში გასული აქტორებიც დააფიქსირეს

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ. 

დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.