შაჰინისა და ტერნერის მხრიდან ითქვა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ არის სასურველ კონდიციაში - ვიქტორ ყიფიანი
ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უფლებადამცველი, ვიქტორ ყიფიანი იმყოფებოდა - სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან 1-საათიანი დისკუსიის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობები განიხილეს.
ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამოსწორების შესახებ გულწრფელი სურვილი გამოითქვა.
ამასთან, ქართველი ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა "შიდა დემოკრატიის ხარვეზია". მეტიც, როგორც ყიფიანი ამბობს, "საქართველოს სუსტი ინსტიტუტები და გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა აქვს".
ითქვა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ არის სასურველ კონდიციაში. ასევე გულწრფელი სურვილი იყო, რომ ეს ურთიერთობები უნდა გამოსწორდეს. მე არ ვეხმარები ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე ანალიტიკური საქმიანობით ვარ დაკავებული. ჩვენი მთავარი სისუსტე არის ჩვენი შიდა დემოკრატიის ხარვეზი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადატვირთვაზე, დალაგების მთავარი გზა არის, რომ დავალაგოთ შიდა პოლიტიკური მოწყობა და სისტემა. ალბათ, ჩვენ ამას რომ დავალაგებთ, უფრო თამამი ვიქნებით პარტნიორებთან. ჩვენი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, გაუმართავი მართლმსაჯულება", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რუსულ კანონზე, 2024 წლის არჩევნებსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.