არჩევნების პროცესზე იქნება სრული ყურადღება, რომ არ მოხდეს მცდელობა ხმების მიტაცების - ჯაფარიძე
რა გზავნილები გაჟღერდა ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრაზე? - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ დისკუსია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას შეეხო.
ბადრი ჯაფარიძის ცნობით, 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება, რათა პროცესი დემოკრატიული იყოს და ხმების გაყალბება არ მოხდეს.
სენატორისგან და კონგრესმენისგან მოვისმინეთ ის, რომ შეერთებული შტატები ორპარტიულად აგრძელებს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის სრულ მხარდაჭერას. დღეს არის სწორედ ამის დემონსტრირება, რომ შტატების დამოკიდებულება არ შეიცვლება ჩვენი ხალხის მიმართ და პირიქით, გაძლიერდება მხარდაჭერა როგორც კი ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება დასავლურ ვექტორს. ხაზგასმით იყო სრული ხმარდაჭერის შესახებ ნათქვამი. მათ შორის, არჩევნების პროცესზე იქნება სრული ყურადღება, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიულად, არ მოხდეს მცდელობა ხმების მიტაცების", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უფლებადამცველი, ვიქტორ ყიფიანი იმყოფებოდა - სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან 1-საათიანი დისკუსიის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შეეხო.
ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამოსწორების შესახებ გულწრფელი სურვილი გამოითქვა.
ამასთან, ქართველი ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შიდა დემოკრატიის ხარვეზია. მეტიც, როგორც ყიფიანი ამბობს, საქართველოს სუსტი ინსტიტუტები და გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა აქვს.